Saturday, 18 May 2019

გრემი

  გრემის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ტაძარი აგებულია კახეთის მეფის, ლევანის მიერ 1565 წელს, ხოლო მისი მოხატვა 1577 წელს დაასრულეს.
   ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს: “საბუი-გრემის… წყალზედ (იგულისხმება ახლანდელი მდ. ინწობა) არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს ესე მეფე ლევან დაფლული მას შინა”.
   მთავარანგელოზთა ანსამბლი კომპლექსური ძეგლია, სადაც მცირე ტერიტორიაზე ქალაქის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, რელიგიური, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობებია წარმოდგენილი, ისე რომ ძეგლის განხილვა შეიძლება როგორც ქალაქის პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრისა, გრემის ნაქალაქარის წარმოდგენა დღეს შეუძლებელია კლდოვანი ქედის დაბოლოებაზე გალავანშემორტყმული ეკლესიისა და სამრეკლოს გარეშე, რომელსაც ხალხი “მთავარანგელოზს” ეძახის, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელზე აგებული ტაძრის მიხედვით. პირველ ყოვლისა, თვალში საცემია ანსამბლისათვის მოხერხებულად შერჩეული ადგილი, რომელიც გარემოსაგან გამოყოფილი, აზიდულა ზევით და გრემს დაპატრონებია. ანსამბლი მაღალი ტყიანი მასივისაგან განშტოებული კლდოვანი ქედის დაბოლოებაზეა გაშენებული. აქ მშენებლობის დაწყებამდე ქედი გადაუჭრიათ და ეკლესიის ადგილი ხელოვნურად გამოუყვიათ გარემოსაგან, რითაც მისი გამაგრება უცდიათ, ადგილისათვის მაღალი ბორცვის სახე მიუციათ.

No comments:

Post a Comment